ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატმა სპეციალური განცხადება გააკეთა

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას დაცვის მხარისთვის საქმეზე ამ დრომდე არ გადაუცია მტკიცებულებები.
ამის შესახებ ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში საქმის მასალების შეტანის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ადვოკატებს მოსთხოვა, ხელი მოეწერათ მტკიცებულებების ნუსხაზე, რომელიც დაცვის მხარეს არ მიუღია. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურა წინასასამართლო სხდომისთვის, რომელიც პირველი აპრილს არის ჩანიშნული, მზად არ არის. “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით პროკურორებს პროკურატურაში, რათა გადმოეცათ მტკიცებულებები. ჩვენ მივიღეთ 17 მტკიცებულება და გვიან საღამოს გვითხრეს, დანარჩენს ხვალ მიიღებთო. დღეს დილით კი, 08.00 საათზე დაგვირეკა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა და გვითხრა, რომ ხელი უნდა მოგვეწერა ნუსხაზე, ფაქტობრივად ცარიელ ფურცელზე, თითქოსდა, მტკიცებულებები გადმოგვეცა. ეს ჩვენთვის შეურაცხყოფაა და ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ პროკურორებს ველოდებით უახლოესი ერთი საათის განმავლობაში სასამართლოში, შემდეგ კი დაველოდებით ოფისში და ვითხოვთ მტკიცებულებების სრულად გადმოცემას”, – განაცხადა ლევან სამუშიამ. ადვოკატის თქმით, პროკურატურა პროცესისთვის მზად არ არის, რაც დასტურდება იმითაც, რომ ერთ-ერთი მთავარი ექსპერტიზა ბრალდების მხარემ გუშინ დანიშნა. “ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდების იმ ნაწილში, რასაც ედავებიან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს. ეს არის საფინანსო კუთხით ექსპერტიზა, რომელიც ფარგლებშიც შესწავლილი უნდა იყოს, რამდენად სწორად გაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან თანხები. პროკურატურამ ექსპერტიზა დანიშნა გუშინ იმ პირობებში, როდესაც უკვე 5 თვეა, ბრლდებულები პატიმრობაში იმყოფებიან”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები