ლადო ჭანტურია: ბუნდესტაგის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ევროპული კურსის აღიარებაა

“ეს არის საქართველოს ევროპული კურსის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება“, – ასე ეხმაურება გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.
როგორც ლადო ჭანტურიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, საქართველოსთვის დღევანდელი გადაწყვეტილება არის, ჩვენი ევროპული კურსის აღიარება.
“ეს არის საქართველოს ევროპული კურსის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. თქვენ იცით გერმანიის მნიშვნელობა არა მარტო ევროპის კავშირში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და, ამდენად, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს დღევანდელი გადაწყვეტილება არის, ერთი მხრივ, ჩვენი ევროპული კურსის აღიარება, ხოლო, მეორეს მხრივ, ასევე გერმანიის მთავრობის მიერ იმ ვალდებულების აღება, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა გერმანიის ფედერალური კანცლერი, ქალბატონი ანგელა მერკელი. საკითხი გამოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა და ყველა გამომსვლელი, როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან, მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და აღიარებდნენ ჩვენს მიერ მიღწეულ საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს”,- აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები