მოიხდის თუ არა “თრიალეთი“ ბოდიშს – რას აცხადებს ტელეკომპანიის დამფუძნებელი

ტელეკომპანია “თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან დაკავშირებით დასმული კითხვის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. “თრიალეთის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გუბერნატორის მიმართ რაიმე ცილისწამებას ადგილი არ ჰქონია.
“არც პრემიერის განცხადება იყო ნორმალური და სწორი და არც გუბერნატორის განცხადება. როგორც მე გავარკვიე, ჟურნალისტმა კითხვა დასვა ხალხში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერი ეუბნება, რომ გვიჩივლებს. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი რამეს ამბობს და ჟურნალისტი ხალხის კითხვას დასვამს, ამის გამო უნდა უჩივლონ მას? ჩვენ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ, იჩივლონ სადაც უნდათ“, – განაცხადა ბადრი ნანეტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა სწორედ ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ჟურნალისტის მტკიცებით, ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა “ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.
პრემიერ-მინისტრის მოწოდების შესაბამისად, შიდა ქართლის გუბერნატორმა “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „თრიალეთმა“ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა და საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
“არანაირ ბიზნესებს არ ვფლობ, რაც შეეხება ატენის ხეობაში მდებარე სახლს, წარმოშობით ამ ხეობიდან ვარ და ეს სრულიად კანონიერი სახსრებით აშენებული მამაპაპისეული სახლია. ტელეკომპანია “თრიალეთმა “ კეთილი ინებოს და დაამტკიცოს ჩემს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოვითხოვ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს“,- განუცხადა “კვირას“ შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები