ოთარ დანელია: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საწარმოები არ გახლავთ ქარხნები, საიდანაც ორთქლი ამოდის

„თითოეული ადამიანის დასაქმება არის უმნიშვნელოვანესი“, – ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას.
როგორც ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საწარმოები, ბუნებრივია, არ გახლავთ ქარხნები, საიდანაც ორთქლი ამოდის. მისივე განმარტებით, ტერმინი “დაფინანსება” არასწორად არის გაგებული.
“ჩვენ, ბუნებრივია, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მინიმალური ზღვარი დავაწესოთ, რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმოს ახალმა საწარმომ – თითოეული ადამიანის დასაქმება არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს, რას ნიშნავს ტერმინი ”დაფინანსება”.
დაფინანსება ნიშნავს, რომ 105 მოთხოვნა საწარმოს, ან ახალი ბიზნესის წამოწყებაზე დაკმაყოფილდა და დახმარების პროცედურები ან დაწყებულია, ან უკვე განხორციელებული. შესაბამისად, ან უკვე აშენებულია საწარმო, ან მუშა მდგომარეობაშია, ან მიმდინარეობს მშენებლობა, ან დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მიმდინარეობს მონიტორინგი და ვნახავთ, რამდენმა დააკმაყოფილა პირობები. ბუნებრივია, ეს არ გახლავთ ქარხანა, საიდანაც ამოდის ორთქლი. ეს გახლავთ ნებისმიერი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება დარგს მისცეს სტიმული, ბიძგი და წაახალისოს. ამიტომ, ეს იქნება ფერმა, სადგური, გადამამუშავებელი საწარმო თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს ახალ საწარმოს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ახალი საწარმოების გახსნაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები