„კაბელების საქმეზე“ ადვოკატებსა და პროკურატურას შორის მტკიცებულებების ერთობლიობა განიხილება

პროკურატურა უახლოეს დღეებში „კაბელების საქმის“ მასალებს სასამართლოში გადააგზავნის. დღეს, „კაბელების საქმეზე“ მტკიცებულებების შეგროვების ვადა იწურება. ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურაში გამოცხადდნენ. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, მათ საქმის მასალებში აქვთ 2000-ზე მეტი ფურცელი, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას ამტკიცებს.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას. 2281 ფურცლად არის წარმოდგენილი ჩვენი მტკიცებულებები, ეს არის საექსპერტო დასკვნები, მოწმეთა დაკითხვები, სხვადასხვა სახის დაკითხვები და დღეს მოხდება ამ დოკუმენტაციის გაცვლის პროცესი გამოძიებასთან, რის შემდეგადაც სასამართლოსთვის მოხდება მტკიცებულებების წარდგენა“, – აღნიშნა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედი თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მლნ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მათ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები