ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ვიცით, რას აკეთებს სააკაშვილი უკრაინაში, რასაც აკეთებდა საქართველოში, იგივეს გააკეთებს იქ

უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა არ იცვლება -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უკრაინაში მისი ვიზიტის გადადების მიზეზი უკრაინის მთავრობაში რამდენიმე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის დანიშვნა არ გამხდარა.
“უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და მე ძალიან მაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. მე განვიცდი უკრაინელების ბედს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს უკრაინაში, ამ ეტაპზე ვარ დაკავებული საშინაო საქმეებით და მე ვცდილობ, მაქსიმალურად თავი ავარიდო გარე ვიზიტებს. მე ორი ვიცე პრემიერი გავგზავნე უკრაინაში, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ არც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არც პრეზიდენტი მაშინ არ იყო თავისუფალი და მათთან ვერ შედგა შეხვედრა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში აპირებს ჩასვლას ფინანსთა მინისტრი, იქ ასევე იყო პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დელეგაციები ჩადიან და ჩამოდიან. მისივე თქმით, მან პრეზიდენტ პოროშენკოს რამდენჯერმე დაურეკა და ღიად შესთავაზა დახმარება.
“ჩვენ ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია და რა თქმა უნდა, არც გავწყვეტთ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარში დავუდგეთ უკრაინელებს და უკრაინის მთავრობას. ვიცი, რომ მათ სჭირდებათ რეფორმები, ვთქვათ იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით, პოლიციის მიმართულებით. მე მათ ღიად შევთავაზე დახმარება. პრეზიდენტ პოროშენკოს დავურეკე რამდენჯერმე, პრემიერ იაცენიუკსაც დავურეკე და ღიად შევთავაზე – ნებისმიერი სფერო დამისახელეთ, რაში გჭირდებათ ჩვენგან დახმარება. მზად ვარ გავგზავნო 10, 20 კაცი გრძელვადიანი მივლინებით და ადგილზე აღმოვუჩინოთ დახმარება. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მათგან რაიმე ოფიციალური მოთხოვნა ან თხოვნა დახმარების თაობაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სპეკულაციის თემა იყო უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხი.
“გასაგებია, არ ვართ აღტაცებული და ბედნიერები, რომ სააკაშვილი და სხვები არიან რაღაც სტატუსით, თუნდაც არაფორმალური. მე უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მოსახლეობისთვის ეს არის უსიამოვნო. მაგრამ ეს მათი არჩევანია და ეს მათ სჭირდებათ ამ მდგომარეობაში. თუმცა, ჩემი ვიზიტის გადადების მიზეზი არ არის ის ფაქტი, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა უკრაინის მთავრობაში.
მე ნამდვილად არ ვფიქრობ მათზე, რომლებიც დაინიშნენ იქ, თავი შეაფარეს. მე ვფიქრობ უკრაინელ ხალხზე და მთავრობაზე, რომ მაქსიმალური დანაკარგით გამოვიდნენ ამ კონფლიქტიდან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, სააკაშვილი რას აკეთებს უკრაინაში. ყველამ ვიცით რას აკეთებს. რა უნდა გააკეთოს?! რასაც აკეთებდა საქართველოში, იგივეს გააკეთებს იქ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები