ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი

არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ აშშ-ს პრეზიდენტი და სხვა ევროპელი ლიდერები.
“მე მაინტერესებს ის, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა. მაინტერესებს ის, რომ გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა და მხარს გვიჭერდეს. მაინტერესებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა, სახელმწიფო დეპარტამენტი გვიჭერდეს მხარს. ეს არის ჩემთვის საინტერესო, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ხალხი იყოს დამშვიდებული, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კონფლიქტი, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია, ეს არის საინტერესო ჩემთვის და არა ის, სააკაშვილს რა მოსწონს თუ არ მოსწონს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ოცნებობდა, რომ გაეხსნა რუსეთის ბაზარი. უბრალოდ ოცნებობდა, რადგან მას ამის შანსი არ ჰქონდა, რადგან დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ.
“შედეგად მივიღეთ “სარგებელი” ამ არაგონივრული და არაკონსტრუქციული პოლიტიკისა, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა და ეს “სარგებელი” არის ის ზიანი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიადგა. 105 დამატებით ახალი სოფელია ოკუპირებული დღეს. აგვისტოს ომის შემდეგ ორივე რეგიონი ოფიციალურად ოკუპირებულია. ამან გამოიწვია აღიარება რუსეთის მხრიდან და 25 000 დამატებით ახალი დევნილი მივიღეთ, რომელიც ჩაასახლეს სამარცხვინოდ – მოსახლეობას პატარა სახლები აუშენეს, აყარეს სახლებიდან და აქაც ფული გააკეთეს თვითონ. ეს ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ დღეს რომ სააკაშვილი მთავრობის მეთაური, ან პრეზიდენტი ყოფილიყო, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა საქართველოში, ვიდრე არის უკრაინაში.
“ეს არის ის სარგებელი, რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ მოუტანა საქართველოს და ჩვენ ამ პოლტიკას ვაგრძელებთ. ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობს ვიღაც დესტრუქციული ძალა და ვიღაც ავანტიურისტი პოლტიკოსი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის თუ ევროპელ ლიდერებს მოსწონს საქართველოს მთავრობის პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა.
“არავის არ სურს ხელახლა იხილოს ახალი კონფლიქტი საქართველოში. ეს დაუშვებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. სამწუხაროდ, რუსეთმა არ უპასუხა პოლიტიკურად ჩვენს ჯანსაღ მიდგომებს იგივე სულისკვეთებით, როგორითაც ჩვენ დავიწყეთ, გარდა იმისა, რომ არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში მათი მხრიდან იგივე სულისკვეთება არ გაქვს. პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად გაუგებარი ხელშეკრულებები, რომლებიც, რა თქმა უნდა. ლეგიტიმურად ვერასდროს ვერ ჩაითვლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები