რა სარგებელი მოუტანა საქართველოს რუსეთთან დათბობის პოლიტიკამ – პრემიერის შეფასება

ჩვენი ახალი მიდგომის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ინიცირებული, დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და ამ ორი წლის განმავლობაში მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა სარგებელი მოუტანა საქართველოს რუსეთთან დათბობის პოლიტიკამ.
პრემიერის შეფასებით, მთავრობის გონივრულმა და კონსტრუქციულმა მიდგომებმა ხელი შეუწყო უსაფრთხოების გაძლიერებას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე რეგიონში.
„სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალური, გაუაზრებელი პოლიტიკა ნაწარმოები რუსეთის მიმართ. მათმა წინდაუხედავმა და გაუზარებელმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ ავიცილეთ აგვისტოს ომი. მე მიმაჩნია, რომ სწორი პოლიტიკით და კონსტრუქციული მიდგომებით ამის აცილება შეიძლებოდა. ჩვენი ახალი მიდგომის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ინიცირებული, დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, ამ ორი წლის განმავლობაში შევძელით და მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია, შევძელით ის, რომ ბაზარი გავხსენით ჩვენი ფერმერებისთვის და გლეხებისთვის, ექსპორტი გაიზარდა 468 პროცენტით“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობამ ორივე რთველი წარმატებით ჩაატარა, ბევრი მეღვინე გაძლიერდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში რამდენიმე ახალი ღვინის ქარხანა აშენდა, რის შედეგადაც, კახეთის რეგიონსა და რაჭაში 290 მილიონი ლარი შევიდა.
“სარგებელია კიდევ ის, რომ ძალიან ბევრი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადის რუსეთის ბაზარზე. ჩვენ მოსახლეობას აქვს საშუალება, რომ გაყიდოს საკუთარი ხელით მოყვანილი სხვადასხვა პროდუქცია. ამ ჩვენმა გონივრულმა და კონსტრუქციულმა მიდგომებმა ხელი შეუწყო უსაფრთხოების გაძლიერებას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ამან მოიტანა ის სარგებელი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ნომერ პირველმა გიგანტმა კომპანიამ “ტატა ჯგუფმა” გადაწყვიტა, რომ საქართველოში შემოვიდეს და 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოიტანოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები