გივი თარგამაძე პროკურატურაში იკითხება
ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გივი თარგამაძე პროკურატურაში დღის 12.00 საათზე გამოცხადდა და იგი მოწმის სახით იკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძე პროკურატურაში პოლიციელ რუსლან ბაზიაშვილის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-მ იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრს გივი თარგამაძეს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.
“შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობის „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.