ირაკლი ღარიბაშვილი: რეიტინგები არის უსაქმურების საქმე
ჩემთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოება კმაყოფილი იყოს მთავრობის მუშაობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ პრესკონფერენციაზე IRI-ის კვლევების (რომლის მიხედვითაც მთავრობის რეიტინგი დაეცა) შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს საქმეზე და რეიტინგებზე.
„რეიტინგებზე მე არასოდეს არ გამიკეთებია დიდი აქცენტი და ყურადღება არ გამიმახვილებია. პრეზიდენტი იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე, თუ მინისტრები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ და ოცნებობენ, ისინი არ არიან გულწრფელები. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოება მთავრობის მუშაობით კმაყოფილი იყოს. თუ ჩემი მინისტრები მაღალი რეიტინგით მოსარგებლენი იქნებიან, ეს ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა მაღალრეიტინგულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეიტინგებზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქმის კეთებაზე და იმაზე, თუ როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას მდგომარეობა. ჩემთვის საზრუნავი არის ლარი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ გავზარდოთ სამუშაო ადგილები და არა რეიტინგები. რეტინგები არის უსაქმურების საქმე, ვისაც არ აქვს საქმე, ისინი არიან დაინტერესებულნი რეიტინგებით“, – აღნიშნა პრემიერმა.