ირაკლი ღარიბაშვილისთვის თოფაძის განცხადება მიუღებელია
ნატოსთან დაკავშირებით „მრეწველთა“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია. ეს მისი პირადი პოზიციაა და არანაირად არ ასახავს კოალიციის საგარეო პრიორიტეტებს. ეს განცხაება დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „მრეწველებმა“, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, ხელი მოაწერეს კოალიცია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დოკუმენტს, სადაც საშინაო და საგარეო პრიორიტეტები სრულიად გაიზიარეს.
„მე მის პოზიციას არ ვიზიარებ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის სრულიად ნათელი, ხოლო თოფაძის კომენტარი კი ზედმეტად აჟიტირებული. არავის ეჭვი არ ეპარება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ის პარლამენტის მიერ არის დეკლარირებული. რაც შეეხება თოფაძის ყოფნას კოალიციაში მომავალ არჩევნებზე, მინდა გითხრათ, რომ არჩევნებამდე დიდი დროა. მე იმედი მაქვს, „მრეწველები“ დაადასტურებენ, რომ იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.