ახალი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ შინაური ცხოველები რეგისტრაციას გაივლიან და მათ საკუთარი ნომერი მიენიჭებათ

 

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. ახალი რეგულაციის შესახებ მერიიდან შეტანილი წესის პროექტი, ბუხრაშვილის თქმით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა -პატრონობის წესს დაარეგულირებს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღმაშფოთებელ სტატისტიკას გვაწვდის, საიდანაც ვიგებთ, რომ ცხოველების მიერ დაკბენილ ადამიანთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ასეთი შემთხვევების 2/3 პატრონიან ცხოველებზე მოდის. პროექტის ახალი ვერსია, რომელიც საკრებულოში მერიამ შემოიტანა, ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება და დეტალურადაა განსაზღვრული ის მუხლები და საკითხები, რომელიც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურთან ერთად შეიმუშავა. ამავე საკითხზე გაიმართა შეხვედრა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საკუთარი ინიციატივები და შენიშვნები წარმოგვიდგინეს“,- განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
ბუხრაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს ძაღლის ან კატის ყოლისთვის რაიმე გადასახადის გადახდა დაეკისრებათ. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ახალი რეგულაციები ცხოველთა კლასიფიკაციას და მათ აღრიცხვიანობას გულისხმობს. ახალი რეგულაციების თანახმად, მეპატრონემ ცხოველის რეგისტრაცია უნდა მოახდინოს, რომ მას კონკრეტული ნომერი მიენიჭოს. ახალი ინიციატივა არეგულირებს ძაღლის ალიკაპის მოხმარების წესსაც.

„არანაირი შფოთვის საფუძველი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით არ არსებობს. ამ ინიციატივის თანახმად დაცული იქნება როგორც ცხოველის, ისე ადამიანის უფლებები. ძაღლს სეირნობისას ან ალიკაპი და გრძელი საბმელი უნდა ეკეთოს, ან არ ჰქონდეს ალიკაპი და ეკეთოს მოკლე საბმელი, რომ მისმა პატრონმა მისი ქცევა არეგულიროს. ახალი წესი ითვალისწინებს ცხოველთა კლასიფიკაციას. უნდა დადგინდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შინაური ცხოველებიდან რამდენია უპატრონო, რამდენი მიკედლებული და რამდენი პატრონიანი. უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია და  ნომრის მინიჭება. ახალი წესის მიხედვით, უნდა მოხდეს ცხოველის ტატუირება ან ჩიპირება. ამ დროს ცხოველს ყურზე პატარა „ბირკა“ მიენიჭება. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ვაკონტროლოთ ცხოველთა რაოდენობა. ჩიპირებაც და ტატუირებაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უსასყიდლოდ განხორციელდება“,- განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები