ავსტრიიდან რევაზ ადამიას გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს
ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვლილი რევაზ ადამიას ცხედრის გადმოსვენებაში ოჯახის წევრებს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაეხმარება,- ამის შესახებ „კვირას“ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა ნინო აბულაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი წევრი და საქართველოს ელჩი გაეროში რევაზ ადამია გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
„საქართველოს საელჩო რევაზ ადამიას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. ჩვენ ოჯახის წევრებს ვეკონტაქტებით. ამ ეტაპზე მიჭირს საუბარი, თუ როდის გადმოასვენებენ საქართველოში გარდაცვლილ რევაზ ადამიას. თუმცა, საელჩო საქმის კურსშია და ოჯახის წევრებს ყველანაირად ვეხმარებით გადმოსვენების პროცედურებში“, – აღნიშნა ნინო აბულაშვილმა.
რევაზ ადამია ავსტრიაში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ადამია 1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2001 წელს იგი “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო 2002 წლის 21 ივნისს კი დაინიშნა საქართველოს ელჩად გაეროში.