20 ადამიანი დაიღუპა და 50-დე დაიჭრა ტუნისის დედაქალაქში ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაციის შედეგად. დაღუპულთა შორის, ძირითადად, უცხოელი ტურისტები არიან – გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან. ასევე მოკლულია 3 ტერორისტი, ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი მკვიდრი.
ტერორისტები ტუნისის დედაქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმ „ბარდოში“ გუშინ შეიჭრნენ. თავდაპირველად მათ მუზეუმში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო შემდეგ რამდენიმე ათეული პირი მძევლად აიყვანეს. ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.