სასამართლომ ფოთის მერი სამართალდამრღვევად ცნო

ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა, რითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაარღვია. სასამართლომ ირაკლი კაკულიას 800 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ კანონით დადგენილ ვადაში, სახალხო დამცველს უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ ომბუდსმენის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე ინფორმაცია არ მიაწოდა.
შესაბამისად, 2015 წლის 18 თებერვალს, სახალხო დამცველის აპარატში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველად ფოთის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველს ყოველმხრივ დაეხმაროს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება“,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას აქტიურად იყენებს და, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტების დადგენის და სამართალდამრღვევების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მიზნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები