ეკა კვალიაშვილი: სანამ მიშას დააბრუნებენ, აქედან წავალ – აღარც მიშა მინდა და აღარც გრიშა

მომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წასვლას აპირებს – ამის შესახებ მომღერალი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში ცხოვრება აღარ სურს და იგი ქვეყნიდან წასვლას მანამდე გეგმავს, ვიდრე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება. მისივე თქმით, მას საქართველოში არ აფასებენ, როგორც მომღერალს და იძულებულია იმ ქვეყანაში წავიდეს, სადაც მას დააფასებენ.
„შემეჯიბრონ ჩემი სამშობლოს სიყვარულში, ვარწმუნებ, ვერ მომიგებენ, გენეტიკურად ქართველი ვარ და იმიტომ. ჩემი წინაპარი სამშობლოსთვის სისხლს ღვრიდა, შემიძლია ჩემი წინაპრების გვარ-სახელების ჩამოთვლაც. ამიტომ, როგორც სიმღერის ნიჭი გადმომეცა მათგან, გადმომეცა სამშობლოს სიყვარულიც. მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს, ვაფასებ ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებულ ყოველ წამს და განუსაზღვრელი დროით ვერ დაველოდები ვიღაცას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა და აქ არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. წავალ იმ ქვეყანაში, სადაც ნიჭს აფასებენ. ძალიან ნიჭიერი შვილი მყავს, შესანიშნავი მომღერალი, მაგრამ აქ პერსპექტივა არ აქვს, რაზე ვილაპარაკო. ღმერთმა დაგვიფაროს, სანამ მიშას დააბრუნებენ, აქედან წავალ, აღარც მიშა მინდა და აღარც გრიშა, აღარ მინდა აქ ცხოვრება, პოლიტიკა მარტო ყელში კი არა, თავს ზევით ამოვიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არა, მე და ჩემნაირ ადამიანებს გვიყვარს საქართველო! მივმართავ ჩემს ხალხს, გაუძელით, ჩემი კარგებო! და კიდევ ერთი – მინდა პრეზიდენტთან შეხვედრა – ნუთუ დამსახურებელი ადამიანისთვის ასეთი ძნელი უნდა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა და საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი“?! – აცხადებს ეკა კვალიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები