დავით ნარმანიამ გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ ნერგები სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად დარგო. გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები.
“გამწვანების აქცია ერთობლივად დაიგეგმა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესრულდეს ის აუცილებელი პროგრამა, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაისახა მიზნად და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია გამწვანების აქციებში საზოგადოების მაღალი ჩართულობა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით კი, აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბაზის და მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია და სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო. მისივე თქმით, შემოდგომისთვის გაცილებით ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით დაწყებული გამწვანების აქციის – “დაგეგმე მომავალი” ფარგლებში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე 3500-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგვება, რომლის მოვლა-პატრონობასაც მომავალში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.