ნინო გვენეტაძემ ქუცნაშვილის ყველა კითხვას უპასუხა და დეპუტატი სამოსამართლეო საქმიანობის უხეში ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატის, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა დეპუტატს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის ეჭქვეშ დაყენებაში დასდო ბრალი. ნინო გვენეტაძემ იურისტი დეპუტატი სამოსამართლეო საქმიანობის გაუმართლებელ და უხეშ ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.
“ჩემი სამოსამართლეო საქმიანობის შესაფასებლად, დეპუტატმა ზაქარიამ თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის კულტურის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გათვალისწინებული, იმპერატიული დათქმა დაარღვია და პალატის შემადგენლობაში, საქმის კოლეგიალურად განხილვის წესით, მომთხოვა ანგარიში. ჩემი სამოსამართლეო საქმიანობის გაუმართლებელი და უხეში ხელყოფის მცდელობით, დეპუტატი შეეცადა ეჭქვეშ დაეყენებინა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის მაღალ იდეას ეწინააღმდეგება.
ბატონმა ზაქარიამ ჩემი სამოსამართლეო საქმიანობის შესაფასებლად დასმული 9 კითხვიდან 5 კითხვაში პირდაპირ მოითხოვა საკასაციო ინსტანციაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ჩემი მონაწილეობით კოლეგიურად განხილულ საქმეებზე ჩემი კომენტარებისა და შეფასებების გაკეთება ანუ მომთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ბატონ ქუცნაშვილის მიერ დასმული მე-4, მე-5, მე-6 მე-7 მე-8 შეკითხვა. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, უნდა დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა. ამასთან, მოქმედ მოსამართლეთა კორპუსს უნდა განუმტკიცოთ რწმენა, რომ არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ანგარიში მოსამართლეს თავის სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება კითხვებს, რომელიც დეპუტატმა ნინო გვენეტაძეს დაუსვა შემდეგნაირად ჟღერდა: 1. რამდენი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი თქვენი მრავალწლიანი სასამართლო საქმიანობისას?
„1999-2005 წლებში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის საკასაციო პალატის გადაწყვეტილება გამოდიოდა განჩინების სახით და ის ითვალისწინებდა განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას ან განაჩენის შეცვლას განსასჯელის სასიკეთოდ. აღნიშნული სახის გადაწყვეტილებები 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ათეულობითაა გამოტანილი პალატის შემადგენლობის მიერ, სადაც მე ვთავმჯდომარეობდი პალატის სხდომებს ან ვმონაწილეოდი საქმის განხილვაში. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის განყოფილებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული ჩემს მიერ, უზენაეს სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
2. ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე?
„ჩემი კანდიდატურის წარმდგენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონის შესაბამისად გახლდათ მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ლადო ჭანტურია. არასამთავრობო ორგანიზაციები: 1.„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ალეკო ცქიტიშვილი, 2.„საზოგადოებრივი დამცველი“ – ირინა ფუტკარაძე, 3„ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ – თამარ გაბიანი, 4.„მედიის ინსტიტუტი“ – ირმა მამასახლისი, 5.„იურისტ ქალთა კავშირი“ – ნუკა კობალავა; 6.ა.ი.პ „გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი“ აღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი – თამარ კუჭავა; 7.„ახალგაზრდა ადვოკატები“, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი; 8.”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია; იურისტ ქალთა კავშირის გამგეობის წევრი, ელენე ქაიხოსროშვილი; ასევე:9. თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე“ .
3. ზაზა მეიშვილთან ერთად მონაწილეობდით თუ არა მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაში?
“საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის იმჟამინდელი რედაქციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ წარმოებულ დისციპლინურ საქმეებს განიხილავდა სადისციპლინო საბჭო, რომლიც შედგებოდა 4 მოსამართლისგან და 4 არამოსამართლე წევრისაგან. 2000 წლიდან 2004 წლის მარტამდე ვთავმჯდომარეობდი ამ საბჭოს და იმავდროულად, გახლდით საბჭოს ერთ-ერთი კოლეგიის მოსამართლე წევრი. საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრთა შორის იყო ზაზა მეიშვილი. ის, როგორც არამოსამართლე წევრი, მონაწილეობდა დისციპლინურ საქმეთა განხილვაში მოსამართლეებთან: მაია ვაჩაძესა და დავით ანანიძესთან ერთად კოლეგიაში, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში – საბჭოს შემადგენლობაში. კანონით დადგენილი საგამონაკლისო წესის თანახმად, თუ კოლეგიის წევრი საპატიო მიზეზით ვერ მონაწილეობდა დისციპლინურ წარმოებაში, მას ანაცვლებდა სხვა კოლეგიის წევრი. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა შეიძლებოდა ყოფილიყო 3, ან მაქსიმუმ 4, სადაც ჩემთან ერთად კოლეგიაში (ან საბჭოში) მონაწილეობდა ზაზა მეიშვილი“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
4. ზაზა მეიშვილთან ერთად მოსამართლეთა დევნისას ათავისუფლებდით თუ არა მათ თანამდებობიდან, მათ შორის, საპროცესო ვადების დარღვევისას?
„მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (იხ. კანონის მე-2 და მე-4 მუხ), სადისციპლინო კოლეგია ან საბჭო (კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში) ათავისუფლებდა მოსამართლეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩემი მონაწილეობით, სადისციპლინო საბჭოსა თუ კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლდა 4 მოსამართლე, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში გამართლდა 6 მოსამართლე.
2015 წლის 21 თებერვალს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის მიერ მომზადებული და აკაკი გოგიჩაიშვილის ,,ბიზნეს კურიერში“ ნაჩვენებ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის დისკრედიტაციას, გავრცელდა „ბრალდება“, რომ საკასაციო პალატამ გამოუშვა ქრთამის აღებისათვის ბრალდებული პირები და თითქოს მათ ქრთამის აღება უკიდურესი აუცილებლობით გაამართლეს. სიუჟეტი წარმოადგენდა ფაქტების აშკარა ფალსიფიკაციისა და არასწორი ინტერპრეტაციის გზით ბინძური ცილისწამების მცდელობას. მისი მიზანი იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ, “რუსთავი 2″-ის მიერ ნაჩვენებ სიუჟეტთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებას მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა იმ კითხვებზე პასუხს, რაც ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირა”-ში გაცხადებულ შეკითხვებში მეორდება და გარკვეულ ეჭვებს ბადებს“.
5. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პოლიციელი თქვენ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან და ეს გადაწყვეტილება „გაამართლეთ“ უკიდურესი აუცილებლობით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრთამის აღების გამართლებით რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადარჩა?
განმეორებით განვმარტავ შემდეგს: სრულიად აბსურდულია ,,წაყენებული ბრალდება“, რომ საკასაციო პალატამ თითქოს გამოუშვა ქრთამის აღებისათვის ბრალდებული პირები და თითქოს ქრთამის აღება უკიდურესი აუცილებლობით გაამართლეს. აღნიშულ საქმეში, არცერთ ბრალდებულს არ ჰქონდა წაყენებული ქრთამის ბრალდება, არც ბრალდებულთა გამართლება და გამოშვება მომხდარა სასამართლოს მიერ. რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, ეს სულ სხვა კონტექსტში იქნა გამოყენებული და არა ქრთამის აღების გამამართლებლად.
6. ქრთამის აღების ფაქტზე მხილებული გარდაბნის მოსამართლესთან დაკავშირებით შეატყობინეთ თუ არა საქართველოს მაშინდელ გენერალურ პროკურორს და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამო მოსთხოვეთ თუ არა მას გამოძიების დაწყება?
კითხვაში არ აზუსტებთ, გარდაბნის რაიონული სასამართლოს რომელ მოსამართლეზე საუბრობთ. მასზე, ვინც 2003 წლის 3 აპრილის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სადისციპლინო წარმოების საფუძველზე? თუ ის, რაც გამოქვეყნებული და საჯარო ინფორმაცია იყო მოსამართლის გვარის მიუთითებლად? გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობის ფაქტზე ინფორმირებულია იმდროინდელი გენერალური პროკურატურა. თუ იგულისხმება „რუსთავი 2″-ის გადაცემაში ნაჩვენები გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა ჩხეიძის მიერ ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებულ სიუჟეტი – აქ პასუხი უკვე გავეცით. სიუჟეტიდან გაუგებარია, ეს კადრები რატომ იქნა მიბმული გვენეტაძე-ტურავას მიერ ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით ,,თავისუფლების ინსტიტუტში“ გამოთქმულ არასაჯარო მოსაზრებასთან. ეს საუბარი არ უკავშირდებოდა მოსამართლე მამუკა ჩხეიძის მიერ ქრთამის აღების ფაქტის ფარულ ჩაწერას. ამდენად, ვერ მოხდებოდა ჩვენს მიერ, ფარული ჩანაწერის შესახებ პროკურატურის ინფორმირება. ამასთან, გვენეტაძე-ტურავას მიერ არსად არ თქმულა, რომ ვინმეს უფლება არ ჰქონდა ემხილებინა მექრთამე მოსამართლე ან სხვა თანამდებობის პირი.
7.ბორის მჭედლიძის საქმეზე თქვენ ძალაში დატოვეთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მისი მოადგილის ჩვენების საფუძველზე, რის შედეგადაც მას შეეფარდა რამდენიმეწლიანი პატიმრობა და დაენგრა ოჯახი. იყო თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბ. მჭედლიძის დანაშაულს?
„ბ.მჭედლიძის საქმესთან დაკავშირებით არ ყოფილა რეგიონალური ანუ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დააფიქსირდება“.
8.ვალერი გელაშვილისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა და ქონების ჩამორთმევისათვის, შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მაშინდელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან თქვენზე ზეწოლას, რაც მისი ოჯახის 2 წევრის დაპატიმრება – გატაცებით და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო 1,5 მილიონის ღირებულების ქონების ჩამორთმევით დამთავრდა?
„სასამართლოზე ზეწოლის ფაქტს გამოვრიცხავ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც არ გასაჩივრებულა მსჯავრდებულთა მიერ ევროპის სასამართლოში, შეუძლებელია გახდეს პროცესის არამონაწილე პირის ვ.გელაშვილის მიმართ უფლებების დარღვევის საფუძველი“.
9. საქართველოს მოსამართლემ კანონიერ დოკუმენტად და დასაშვებ მტკიცებულებად შეიძლება ცნოს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული რომელიმე აქტი?
“განმეორებით განვმარტავ, დაკავებული გემიდან ამოღებული დოკუმენტი იქნა მტკიცებულებად გამოყენებული, რომელიც ადასტურებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გემის ყოფნის ფაქტს. არაღიარებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტები მტკიცებულებად მიჩნევა, თუ ის ამა თუ იმ ფაქტს ადასტურებს. აღნიშნულზე არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და მას ალტერნატივა არა აქვს. ყოველივე არ ნიშნავს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები