პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
სვანეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ საქართველოს შსს – საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„2015 წლის 13 მარტს, მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს – საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 მარტს, კახა მარგიანის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე. კ. მარგიანს სტუმრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ კ. მარგიანი, გ. რატიანი და ზ. ჯაფარიძე ერთმანეთს დაშორდნენ. რამოდენიმე წუთში კახა მარგიანი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მიმავალი გიორგი რატიანის და ზაზა ჯაფარიძის მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე დაიჭრა ზურგის არეში. მომხდარი ფაქტის შემდეგ კახა მარგიანი შემთხვევის ადგილიდან შეეცადა მიიმალვას, თუმცა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.