თელავის რაიონული სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს
რამდენიმე წუთში თელავის რაიონული სასამართლო ანდრო ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, პოლიციის თანამშრომლის გიორგი იორამიშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. როგორც “კვირას” უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, პროცესი 11 საათზე დაიწყება.
მთავარი პროკურატურის პრესსსამსახურის ინფორმაციით, გუშინ საღამოს კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა პროკურატურა პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ბრალდებულს ადვოკატი უკვე შეხვდა. თუმცა, ის კომენტარს არ აკეთებს. გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. საუბრისას გ. იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. კახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.