მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილს გადასახადი გაეზარდათ – „არავისი საქმე არ არის მოემატებათ თუ დააკლდებათ“

თბილისში მიკროავტობუსების მძღოლების ერთ ნაწილს დღიური გეგმური გადასახადი გაეზარდა, რასაც მძღოლების პროტესტი მოჰყვა. „კვირას“ ინფორმაციით, №120 სამარშუტო ტაქსის მძღოლები 11 მარტის დილას პროტესტის ნიშნად სამუშაოდ არ გავიდნენ, მგზავრებს კი უშედეგოდ ლოდინმა მოუწიათ. №120 მიკროავტობუსების მძღოლებმა მოგვიანებით მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.
როგორც „კვირას“ შპს „თბილისის მიკროავტობუსების“ ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ განუცხადა, კომპანიამ გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება საწვავის გაიაფების გამო მიიღო. მისი თქმით, მძღოლებს საწვავის შესაძენად ახლა უფრო ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. ამიტომ მოსაკრებელი გაუზარდეს.
„საწვავი გაიაფდა. 1 ლიტრი 2 ლარი და 10 თეთრი ღირდა. ახლა კი – 1 ლარი და 60 თეთრია. თითოეული მძღოლი დღეში 30 ლიტრ საწვავს ასხამდა. რამდენი გამოუვიდათ ეკონომია და რამდენით მეტი თანხა რჩებათ დღეში? №120 სამარშრუტოებს გადასახადი 3 ლარით მოემატათ, იმიტომ რომ 15 ლარის ეკონომია აქვთ საწვავზე. 12 ლარი ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ. 3 ლარი უნდა შემოიტანონ კომპანიაში, 12 ლარს წაიღებენ სახლში. არავინ არავის არ ჩაგრავს. პირიქით – 12 ლარით მეტი მიაქვთ სახლში“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მძღოლებისთვის დღიური გეგმური გადასახადის გაზრდას მგზავრებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამით პრობლემა არ იქმნება, რადგან მგზავრობის ტარიფი იგივე რჩება.
დავით ასანიძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსები“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ისინი თავად განსაზღვრავენ, მძღოლების მიერ კომპანიაში შესატანი თანხა გაზარდონ თუ შეამცირონ.
„გადასახადს – რამდენს და რატომ დავუწესებთ, ამას ჩვენ ვწყვეტთ და ეს ყველაფერი სამართლიან ნორმებს ეფუძნება. ჩვენ ქრონომეტრაჟს ვატარებთ – თუ მიგვაჩნია, რომ მოსამატებელია, მოვუმატებთ, თუ ვთვლით, რომ დასაკლებია, დავაკლებთ. ამას არავისთან -საზოგადოებასთან შეთანხმება არ სჭირდება. მგზავრებისთვის არაფერი არ იცვლება. ეს კერძო კომპანიაა. ეს ჩვენი სამუშაო პროცესია და არავისი საქმე არ არის, მძღოლებს გადასახადი მოემატებათ თუ დააკლდებათ. ჩვენ ამ საკითხებს მძღოლებთან ერთად საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით გავდივართ და ყველაფერს ურთიერთშეთანხმებით ვაკეთებთ. მოემატებათ თუ დააკლდებათ გადასახადი, ყველაფერი შეთანხმებულია. მე კომპანიაში რამდენს დავაწესებ იჯარის გადასახადს, როგორ ფიქრობთ, ამაზე საზოგადოებრივი გამოკითხვა უნდა მოვაწყოთ? შესატანი თანხა მუდმივად იცვლება – ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ აკლდება. ყველაფერი ეფუძნება ქრონომეტრაჟებს“, – განაცხადა ასანიძემ.
ამასთან, „კვირას“ შპს „თბილისის მიკროავტობუსების“ პრესსამსახურში განუმარტეს, რომ მძღოლებისთვის დღიური გეგმური გადასახადი გაზარდეს, რათა თავიდან აეცილებინათ ტარიფის ზრდა. მათივე თქმით, კომპანიას აქვს საბანკო ვალდებულებები, რაც უნდა შეასრულონ.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, სამარშუტო ტაქსის მძღოლებს მოსაკრებლის რაოდენობა მგზავრთა ნაკადის მიხედვით უწესდებათ. იმ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც მეტი მგზავრი ჰყავთ, კომპანიისთვის დღიურად გადასახდელი თანხაც მეტი აქვთ. სხვადასხვა მარშრუტის მქონე მძღოლების გეგმა 40-80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გარდა ამისა, „კვირა“ №68 სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიისთვის მათი დღიური გადასახადი 50 ლარია, რისი შეტანაც უჭირთ.
„კონკურენციას ვერ ვუწევთ ავტობუსს და მეტროს. მგზავრობის ტარიფი დიდია. ავტობუსები და მეტრო ხალხით სავსეა, ჩვენ კი – ცარიელები. ეს არის პრობლემა. კომპანიაში შესატანი ყოველდღიური გეგმა 50 ლარი გვაქვს და გვიჭირს შეტანა“, – აცხადებს მძღოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები