პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
კახეთის საოლქო პროკურატურამ ანდრო ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი იორამიშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი 13 მარტს, 11 საათზეა ჩანიშნული. ბრალდებულს ადვოკატი უკვე შეხვდა. თუმცა, მან „კვირასთან“ კომენტარისაგან თავი შეიკავა.
გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. საუბრისას გ. იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. კახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.