მთავრობამ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე “არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი” დაამტკიცა, რაც იმას გულისხმობს, რომ არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მინისტრმა ახალ დოკუმენტის მნიშვნელობაზეც გამახვილა ყურადღება.
„ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს სპეციალიზებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და სოციალური მუშაკები ეყოლებიან. აგრეთვე, იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებს. ამ კოდექსით ასევე შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორიცაა უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ვინც ჩაიდენს დანაშაულს, რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. აგრეთვე განისაზღვრება ბრალდებულებად ყოფნის ვადა: თუ დიდებისთვის არის 9- თვიანი ვადა, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე. თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე. გარდა ამისა, აიკრძალება არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვადო პატიმრობის სახით”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის ინფორმაციით, აღნიშნული კოდექსით სიახლე იქნება ისიც, რომ არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ.
“ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც ”გაცოცხლდება” ნასამართლეობა”, – განმარტა წულუკიანმა.
ასევე, მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახით შინაპატიმრობაც შემოდის.
”ეს სახელმწიფოსთვის პირველად ინვესტიციას მოითხოვს, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. საერთო ჯამში, სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს, რადგან შინაპატიმრობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატიმრობა საპატიმროში”, – აღნიშნა მინისტრმა. გარდა აღნიშნულისა, კოდექსით არასრულწლოვნების შემთხვევაში შემოდის მოწმის დაკითხვის ახალი წესიც.
”ეს და კიდევ ძალიან ბევრი ინოვაცია და ცვლილება შემოაქვს ამ კოდექსს. მინდა საზოგადოებას, მთავრობას, ყველა იმ ექსპერტს, ვინც ამაში იყო ჩართული, ევროკავშირს მივულოცო მთავრობის ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, – დასძინა თეა წულუკიანმა.