ლია ჯახველაძის ინიციატივით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარი წევრის ლია ჯახველაძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ დევნილებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ლია ჯახველაძის თქმით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითად პრობლემებს კვლავ ავარიული შენობები, საცხოვრებელი ფართების სიმცირე, მათი დაკანონება, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გაზიფიცირება წარმოადგენს.
„ჩვენ დღეს გუმათჰესის და ქინძმარაულის ქუჩებზე ვიმყოფებოდით, სადაც მრავალსულიან ოჯახებს ერთ ოთახში უწევთ ცხოვრება. ძირითადად, მათ საცხოვრებლებს რამდენიმე იპოთეკარი ჰყავთ. დევნილები დღემდე უშედეგოდ ელიან ფართების დაკანონებას, მათი დიდი ნაწილი კი ყოველდღე გამოსახლების მოლოდინშია. ამავდროულად, პრობლემებია ინფრასტრუქტურის კუთხით. ათეულობით წელია, რაც აღნიშნულ შენობებში არ ფუნქციონირებს საკანალიზაციო სისტემა, დაზიანებულია სახურავი და გაზიფიკაციის პრობლემა გაუსაძლისს ხდის მათ ყოფას”,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, სამაჟორიტარო ბიურო კი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს სამინისტროს მხრიდან დევნილების პრობლემების მოგვარებას.