ახალი შემეცნებითი ციკლი – „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“
12 მარტს, 18:30 საათზე „მწერალთა სახლი“ იწყებს ახალ შემეცნებით ციკლს „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. კურსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქზე, როგორც სივრცით და სოციალურ ფენომენზე, ქალაქის ისტორიაზე, თბილისურ კულტურაზე, თბილისურ ტრადიციებზე, ტოპონიმიკაზე, ქალაქის წინაშე მდგარ ურბანულ გამოწვევებზე. ამ შეხვედრებზე გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რითია თბილისი უნიკალური. ციკლის კოორდინატორი, ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ წევრი და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ელისაშვილი გაუძღვება რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ძველი ქალაქის ფარგლებში. ციკლის შეხვედრები ყოველთვიური იქნება და თითოეულის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსდება. „ამ ტიპის შეხვედრები დაგვეხმარება, აღმოვაჩინოთ ჩვენი თბილისი! უფრო მეტი გავიგოთ ქალაქზე, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ვერ ვხედავთ და რომელიც გვიყვარს, მაგრამ არ გვესმის“. პირველ შეხვედრას გაუძღვება ცირა ელისაშვილი. საუბრის თემა იქნება „დავით სარაჯიშვილი – დაუსრულებელი ისტორია“.