წელს პირველად ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად, ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. 10 მარტს კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ღონისძიებები და სიახლეები გააცნეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული სტენდის ფარგლებში, ქართული საბავშვო ლიტერატურა უცხოეთში, – კერძოდ, ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარდგება. სტენდზე, საბავშვო წიგნზე ორიენტირებული 6 ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. სტენდის კონცეფცია ქართველ გამომცემლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და დაიხვეწა. კონცეფციისთვის გამოიყენეს საგანგებოდ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის შექმნილი საავტორო ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ილუსტრატორს, ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის. ბოლონიაში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულნი არიან აიპ „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც საბავშვო წიგნის კრიტიკოსებს, ილუსტრატორებს და გამომცემლებს შეხვდებიან. ეროვნულ სტენდზე მოეწყობა ასევე 20-მდე ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გარდა, საქართველოს ეროვნული სტენდი 2015 წლის გაზაფხულზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზეც. განახლებულ ეროვნულ სტენდებზე გამოიფინება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი გამოცემები. 12 მარტს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია გერმანული გამომცემლობა „რაიჰარტის“ მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. ქართული წიგნის სექტორის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები საერთაშორისო ბაზრობების წარმომადგენლებთან, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან, მთარგმნელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები