ზაზა ვეკუა: თბილისელები დავით ნარმანიას დასაცინები არ არიან და ამას არავის აპატიებენ

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც არჩეულ მერს საკრებულოში გამოცხადების ნება არ აქვს – ამის შესახებ ზაზა ვეკუა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ზაზა ვეკუას თქმით, სამარცხვინოა, რომ დეპუტატებს ამისთვის ხელმოწერების შეგროვება უწევთ.
„მეტი რაღა უნდა მოხდეს, ერთი კაცი დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით და, ჩემი ღრმა რწმენით, მას ფული ზემდგომებისთვის უნდა გადაეცა. ჯოკია ბოდოკია გამტარი იყო. ამ საქმესთან დაკავშირებით მერიის ორი თანამშრომელი დაბარებულია საგამოძიებო სტრუქტურაში, დაიჭირეს საბურთალოს რაიონის თანამშრომელი, გადადგა ვიცე-მერი მარგიშვილი, გადადგნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ჩახავა და მისი მოადგილე, და ეს ყველაფერი ხდება, რაღაც 6 თვეში. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ნარმანიამ ინებოს და ხალხის არჩეულ დეპუტატებთან მივიდეს და მათ მოუსმინოს? რაც ჩამოვთვალე, დავით ნარმანიას ამ საკითხების უმრავლესობაზე კომენტარიც კი არ გაუკეთებია. ეს უკვე ამომრჩევლის აბუჩად აგდება და უპატივცემულობაა. თბილისელები დავით ნარმანიას დასაცინები არ არიან და ამას არავის აპატიებენ“, – განუცხადა ვეკუამ „ალიას“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საკრებულოში მყოფმა 38-მა დეპუტატმა, ნარმანიას საკრებულოში დაბარებაზე ხელი არ მოაწერა. ვეკუას ინფორმაციით, დეპუტატები ნარმანიას ნოტარიუსებად იქცნენ.
„ნოტარიუსი რაღაცებს მაინც გეკითხება და ამათ ერთი კითხვაც არ უჩნდებათ, ისე აკანონებენ მერიის ყველა ხუშტურს“, – განაცხადა ვეკუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები