ვლადიმერ კანდელაკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

11 მარტს მწერალთა სახლში მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის ნამუშევრების გამოფენა „შეხვედრა მხატვართან“ გაიხსნება. „ვლადიმერ კანდელაკის შემოქმედება ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი ერთ-ერთი პირველია იმ ქართველ მხატვართა შორის, რომლებმაც ნონკონფორმისტული ხასიათის ნამუშევრები შექმნეს „უძრაობის“ მძიმე პერიოდში.
მისი ფერწერული ნამუშევრების პარალელურად, წლების განმავლობაში იქმნება პოპარტების სერია, სადაც დეკორატიულობა, კომპოზიციური გადაწყვეტა, ელემენტების შერჩევის პრინციპი მუდმივად იცვლება და ვითარდება, როგორც თავად მხატვრის ცხოვრება“,- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.
ვლადიმერ კანდელაკი 1943 წელს თბილისში დაიბადა. მხატვრის პედაგოგები ცნობილი მხატვრები – სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე, ვასილ შუხაევი და გოგი თოთიბაძე იყვნენ.
1972-74 წლებში მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მოსკოვის, ჰელსინკის ჰიუმენის, ალან აილენდის საგამოფენო დარბაზებში, 1970-80 წლებში – იტალიის, ბელგიის, იაპონიის, პოლონეთის აშშ-ს და თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში; 1990 წელს მხატვარი მიიწვიეს ამერიკაში, სადაც მან 20 წელზე მეტი დაჰყო; ვლადიმერ კანდელაკის გამოფენები მოეწყო ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ფილადელფიის და ატლანტის პრესტიჟულ მუზეუმებსა და გალერეებში. 1998 წელს ვლადიმერ კანდელაკმა დააარსა ქართული კულტურის გადარჩენისა და აღორძინების ფონდი. იგი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ჟურნალისტთა საერთაშორისო პრემიის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი. გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები