იარაღი, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეში ფიგურირებს, გამომძიებელმა ძმაკაცს აჩუქა

ბუტა რობაქიძის საქმის მასალებიდან გამქარალი ნივთმტკიცება, ავტომობილიდან ამოღებული ბარაბნიანი პისტოლეტი პროკურატურის გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ საკუთარ ძმაკაცს, ყვარლის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ნუგზარ გვაზავას აჩუქა. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემისთვის ცნობილი გახდა გვაზავას სასამართლო ჩვენების ოქმი, სადაც გვაზავა ამბობს, რომ იარაღი მას ნიქაბაძემ პოლიციის განყოფილების უფროსად დანიშვნის აღსანიშნავად აჩუქა. მისი თქმით, ნიქაბაძემ იარაღი ყვარელში გიორგობის დღის აღსანიშნავად ყოფნისას აჩუქა.
„2008 წლის 22 ნოემბერს მობილური ტელეფონით დავუკავშირდი ნიქაბაძეს და დავპატიჟე ყვარელში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, იქვე ვთხოვე იარაღი, რომელიც შემპირდა, თუ არ გადაუფიქრებია, წამოეღო. შალვამ მითხრა, ყაზბეგში ვერ მიდიოდა, გზა იყო ჩაკეტილი და აუცილებლად ჩამოვიდოდა და შეპირებულ იარაღსაც ჩამომიტანდა. ყვარელში სუფრასთან ყოფნის დროს არ გადმოუცია შეპირებული იარაღი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შალვამ მითხრა, რომ შეპირებული იარაღი ჰქონდა მანქანაში. მთხოვა, გარეთ გავსულიყავით და მაჩუქებდა. მე და შალვა გავედით გარეთ. მან გააღო მანქანა, შიდა საბარგულიდან ამოიღო ნაჭერში გახვეული იარაღი და მე გადმომცა“, – ამბობს გვაზავა. მისივე თქმით, შემდეგ ნიქაბაძეს თბილისში შეხვდა და ირაღი ერთ-ერთი ქალბატონის სახელიდან გვაზავამ თავის სახელზე გადაიფორმა. მისივე თქმით, მან არ იცოდა, თუ იარაღი სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები