გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2014 წლის 12 დეკემბრის N 2946 საქართველოს კანონით (ძალაში შესვლის თარიღი – 2014 წლის 25 დეკემბერი), საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა.
“ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. დღეის მდგომარეობით, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით 179 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო და 40 368 811.30 ლარი; „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით 87 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 414 550,00 ლარი; „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით 2624 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 1 874 827,40 ლარი. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში“,-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები