ირაკლი სესიაშვილი თანაგუნდელებს ემოციების საჯაროდ გამოხატვისგან თავშეკავებას ურჩევს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან ემოციების გამოხატვა საჯაროდ არ არის აუცილებელი.
ამასთან, სესიაშვილის განმარტბითვე, ნებისმიერი ისეთი სახის კონფლიქტი, როგორიც დიმიტრი ხუნდაძესა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს არმაზ ახვლედიანს შორის მოხდა, კოალიციის ინტერესებს აზიანებს.
„ნებისმიერი ასეთი სახით საჯაროდ დისკუსიების გამართვა და კონფლიქტი, ვფიქრობ, არასწორია და ავნებს როგორც ჩვენი პარტიის, ასევე კოალიციის ინტერესებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ძლიან მგრძნობიარეა. ამ თემის მაღალი მგრძნობიარობის გათვალისწინებით მივიჩნევ, რომ ემოციების გამოხატვა საჯაროდ არ არის აუცილებელი. ჩვენ ამ საკითხზე ფრაქციაზე რამდენჯერმე ვისაუბრეთ, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში და ჩამოვაყალიბებთ ერთიან პოზიციას. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ დღეს, როცა ეს კენჭისყრაზე დადგება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პოლიტაბჭოზე გვენეტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ამასთან, ხუნდაძე პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, არმაზ ახვლედიანს მოუწოდებს, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადოს, სადაც მან აღნიშნა, რომ ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს, მის მიმართ სანქციები გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები