რატომ უსაყვედურა ბიძინა ივანიშვილმა დავით საგანელიძეს

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრების ქმედებებით გაღიზიანებული ყოფილა, რადგან არსებულ პრობლემებზე მათ სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ, -ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ექსპრემიერის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყაროებმა მათ ივანიშვილის განწყობებსა და გარკვეულ მოვლენებზე მისი რეაქციების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუმხილეს.
“ის თურმე ძალზედ გაღიზიანებული ყოფილა იმით, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ და მასთან მიბმული ოპოზიციური პარტიები, ირაკლი ალასანიას გუნდის თამადობით, ლარის გაუფასურებაში მხოლოდ მთავრობას რომ ადანაშაულებენ და ეროვნული ბანკი არავის უხსენებია. ივანიშვილი გაუცოფებია იმას, რომ მათ ვერც პარლამენტიდან და ვერც მთავრობიდან კვალიფიციური პასუხი ვერ გასცა ვერავინ და ეროვნულ ბანკს ბრალი არ დასდო იმაში, რაშიც აშკარად დამნაშავე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში კოალიციის ლიდერები მხოლოდ მთავრობის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, იმის ნაცვლად, რომ გიორგი ქადაგიძისთვის იქით შეეტიათ“,- წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის მუშაობით უკმაყოფილოა და ამის გამო, მისთვის უსაყვედურია კიდეც.
„წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს საგანელიძისთვის უსაყვედურია, რომ ვერც ერთ არჩევით დონეზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიები სათანადოდ ვერ დააკომპლექტა და ამიტომ, პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყოო. წყაროს ცნობით, ივანიშვილი საგანელიძით მარტო ამიტომ არ არის უკმაყოფილო. მისთვის უჩვენებია „ქართული ოცნების“ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების 50-ზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები. მეტიც, მრავალი მათგანის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მტკიცებულებები, ამ ხალხის მიერ დაწერილი ხელწერილები, რომ სპეცსამსახურებთან ნებაყოფლობით თანამშრომლობენ“, – წერს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა “ივანიშვილს საგანელიძის კადრები გაუშიფრავს და „ნაციონალების“ დროინდელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში უმხელია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები