„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში ამ დროისთვის იკრიბებიან.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, “რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის წევრები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ. ამასთან, ლიდერები პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების წარდგენის საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეროვნული ვალუტის სამოქმედო გეგმასა და სხვა მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.
„შევაჯამებთ, რაც იყო ამ ხნის განმავლობაში. ვისაუბრებთ ასევე, თამარ კორძაიას და სხვა დეპუტატების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ძალიან საინტერესო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. მომავალზეც ვიმსჯელებთ, 18-20 მარტის სხდომები იქნება მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც ბევრი საკადრო საკითხი. ვიმსჯელებთ ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებზე. ჩვენ ამ საკითხებზე ერთმანეთს აზრებს გავუცვლით“, -განაცადა დავით ბერძენიშვილმა.