ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მორიგე ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გედენიძეს ჩაუტარდა თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი.
ექიმის თქმით, პირველადი დახმარებით დადასტურდა, რომ პაციენტს ქვედა ტუჩის ლორწოვანის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა დაუმუშავა. მორიგე ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გედენიძე ჯერჯერობით კლინიკაში რჩება.
ირაკლი გედენიძე, აქციის “შემოულაწუნე” მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.
“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები