რას აცხადებენ იმ აქციის ორგანიზატორები, სადაც ფოტოგრაფი სცემეს – „მე პირადად ბოდიში მოვუხადე გედენიძეს“

პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომელთა ორგანიზებითაც აქცია „შემოულაწუნე“ გაიმართა, აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია ვინ იყო პირი, რომელიც ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის პარტიის წევრია, ფოტოგრაფს ზარალს აუნაზღაურებენ.

„საერთოდ ასეთი სახის აქციები და ასეთი ინცინდენტი არის მრავლად. ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში, თუ ეს ჩვენი აქტივისტი იყო, ჩვენი მხრიდან დაისჯება და ზარალიც ანაზღაურდება, მაგრამ თუ ეს პროვოკაცია იყო, ამასაც მივცემთ შეფასებას.   მე პირადად ბოდიში მოვუხადე ფოტოგრაფს“, –  განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბეჟან გუნავამ.

„რომელი ჟურნალისტიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია იმ ადამიანის მხრიდან, ვინც დაარტყა. ჩვენ დღესვე გამოვარკვევთ ამ ვითარებას და ხვალ დილით გავავრცელებთ ოფიციალურ განცხადებას“, – აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ.

„მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაადგინოს რა მოხდა. თუ ეს ჩვენი პოლიტიკური პარტიის აქტივისტის მიერ იქნა ჩადენილი, ფოტოგრაფისთვის მიყენებული ზიანი  ანაზღაურდება“, – აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება „რეფომატორების” თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ ვარდების მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.
ირაკლი გედენიძე აღნიშნულ აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

ირაკლი გედენიძემ მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, შემდეგ კი გამოკვლევების ჩასატარებლად ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

აქცია „შემოულაწუნე“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ , პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები