„ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი“ – კიდევ ერთი სექსისტური ფრაზა ამჯერად „ჯეოსელისა“ და Deehubs-ის პროექტში

„ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი“- ფრაზა, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს ეკუთვის, დღეს სოციალურ ქსელში აქტიური მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს პრეტენზიები არა ვიქტორ ჰიუგოსთან, არამედ “ჯეოსელთან“ აქვთ.
„ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი, გილოცავთ 3 მარტს“,- აღნიშნული ფრაზა სწორედ “ჯეოსელის“ ბილბორდზეა განთავსებული.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავის სახის ფაქტები გენდერულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს აძლიერებს. “კვირა“ განმარტებისთვის “ჯეოსელს“ დაუკავშირდა.11000616_10152776318294779_1588917401_o
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა Deehubs-ის გუნდთან ერთად, იდეის ავტორებიც სწორედ ისინი არიან. მათივე ცნობით, Deehubs ქართველების მიერ საზღვარგარეთ შექმნილი „სტარტაპ“ კომპანიაა, რომელმაც პირველმა გაუშვა თავისუფალი პროექცია ამერიკის ქუჩებში. კომპანიაში განმარტავენ, რომ “ჯეოსელმა “ ახალგაზრდა კომპანიას საშუალება მისცა, ამჯერად, საქართველოს მოსახლეობას გამოეცადა ეს სიახლე.
მათი განმარტებით, ვიქტორ ჰიუგოს ფრაზა ერთ-ერთმა მოქალაქემ დედის დღესთან დაკავშირებით მესიჯის სახით გაააგზავნა, რომელიც შემდგომ ბილბორდზე განთავსდა. “ჯეოსელში“ აცხადებენ, რომ 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით ყველა მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე: say.geocell.ge, ატვირთოს ფოტო/ტექსტი და თავისი გზავნილი გაუშვას „ჯეოსელის“ თავისუფალ ბილბორდზე, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 34-ში, „ჯეოსელის“ ოფისთან.
“ჯეოსელში“ ამბობენ, რომ მესიჯების შინაარსი ყოველთვის არ შეესაბამება “ჯეოსელის“ დამოკიდებულებას და განწყობას, უფრო მეტიც, მათი თქმით, გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ ბილბორდზე განთავსებულ, თუნდაც კარგად ცნობილ გამონათქვამებსაც.
„კომპანია “ჯეოსელი“, როგორც ნოვატორი, გვერდით დაუდგა ახალგაზრდა კრეატიულ კომპანიას და მას საშუალება მისცა, ამჯერად, საქართველოს მოსახლეობას გამოეცადა ეს სიახლე.
გზავნილების ეკრანზე განთავსება ყოველ საღამოს 7 საათიდან იწყება. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოგზავნილი პოსტების რაოდენობაზე.
გზავნილების ფილტრაციას უცენზურო და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებისგან უზრუნველყოფს Deehubs. სადავო გახდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი – ვიქტორ ჰიუგოს სიტყვების ციტირებით: „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი! გილოცავთ 3 მარტს“.
„ჯეოსელში“ მოქმედებს პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ვაფიქსირებთ, რომ მესიჯების შინაარსი ყოველთვის არ შეესაბამება ჩვენს დამოკიდებულებას და განწყობას, უფრო მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება არ ვიზიარებდეთ და არ ვეთანხმებოდეთ ბილბორდზე განთავსებულ თუნდაც კარგად ცნობილ გამონათქვამებსაც.
“ჯეოსელი“ არის კომპანია, სადაც მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების პოლიტიკა და გმობს ყველა სახის და, მათ შორის, გენდერულ დისკრიმინაციას“, -აცხადებენ კომპანიაში.
გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი ფაქტს “კვირასთან“ აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოების აღშფოთება სავსებით სამართლიანია. აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა სარეკლამო კამპანიების ფონზე, კომპანია „ჯეოსელის“ რეკლამები მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იყო გენდერული სტერეოტიპების ნიშნებისგან.
მისი თქმით, დასანანია, რომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ამჯერად „ჯეოსელი“ იმ კომპანიების გვერდით აღმოჩნდა, ვინც ხელს უწყობს არსებული კლიშეების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.
“ჩვენს ქვეყანაში არსებული სარეკლამო ბაზარი ისედაც გაჯერებულია პროდუქციით, რომელიც უბრალოდ კი არ იმეორებს და აძლიერებს არსებულ გენდერულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს, არამედ ახლებსაც ქმნის. მათი შემქმნელები კი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ უადგილო და უკბილო იუმორით გაზავებული სლოგანები თუ სარეკლამო რგოლები, რომელიც შეურაცხმყოფელია ბევრი ქალისთვის, კრეატიულობის მწვერვალს წარმოადგენს და „საწყენი“ და „გასაბრაზებელი“ ამაში არაფერია.
ამ თვალსაზრისით, სხვა სარეკლამო კამპანიების ფონზე, კომპანია „ჯეოსელის“ რეკლამები მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იყო ყოველთვის. დასანანია, რომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ამჯერად „ჯეოსელი“ იმ კომპანიების გვერდით აღმოჩნდა, ვინც ხელს უწყობს არსებული კლიშეების კიდევ უფრო მეტად გამყარებას. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, რომელმაც სავსებით სამართლიანი ხმაური და აღშფოთება გამოიწვია, ეკრანია გადაღებული, რომელზეც კომპანიის ლოგო და წარწერა ჩანს: „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი! გილოცავთ 8 მარტს“. ტექსტი კიდევ ერთხელ „შეგვახსენებს“, რომ „ქალები სუსტები“ ვართ და ამ „არასრულფასოვნების“ დაძლევა მხოლოდ დედად გახდომით არის შესაძლებელი. კომპანიის მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადება და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობა და იმის მტკიცება, რომ ორგანიზაცია „გმობს ყველა სახის, და მათ შორის, გენდერულ დისკრიმინაციას“, კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. მინიშნებები გამოხატვის თავისუფლებაზე, ხაზგასმა, რომ გზავნილების ფილტრაციას სხვა ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ გამონათქვამი, რომელიც აბონენტმა გამოაგზავნა, ვიქტორ ჰიუგოს ეკუთვნის (თითქოს ავტომატურად უნდა ვთვლიდეთ, რომ ლიტერატურა სტერილური და მგრძნობიარეა ამ თემის მიმართ) … ქვეყანაში, სადაც ქალი ისედაც მეორეხარისხოვან ადამიანად ითვლება და მის ლამის ერთადერთ ფუნქციად და დანიშნულებად სწორედ რეპროდუქცია მიიჩნევა (ორმაგი სტანდარტები და მარტოხელა დედების მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება კიდევ ცალკე თემაა), არა მგონია სტერეოტიპებით ისედაც გაძეძგილ საზოგადოებას დამატებითი წახალისება სჭირდებოდეს კლიშეების გასამყარებლად“, – განუცხადა “კვირას“ აღდგომელაშვილმა.
გენდერის სპეციალისტი იმ ქალებს, ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს მსგავსი სარეკლამო კამპანიების გამო, ურჩევს უარი თქვან იმ კომპანიების სერვისებსა და მომსახურებაზე, ვისაც სექსისტური რეკლამები აქვთ.
“იმ ქალებს, ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს ამგვარი სარეკლამო კამპანიების გამო, მარტივ რჩევას მივცემდი – უარი თქვით იმ კომპანიების სერვისებსა და მომსახურებაზე, ვისაც სექსისტური რეკლამები აქვთ. ბოლოს და ბოლოს, „დაპორტირდით“ (როგორც მოგვიწოდებენ ხოლმე) ერთი ქსელიდან მეორეში თუნდაც დროებით. აჩვენეთ, რომ არ აპირებთ შეეგუოთ „მეორადი“ მომხმარებლის როლსა და სტანდარტს, რომელსაც ასეთი კომპანიები გვთავაზობენ. გამოხატეთ თქვენი პოზიცია“, – აღნიშნავს აღდგომელაშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი ფიქრობს, რომ მსგავს სენსიტიურ თემებთან მიმართებაში როგორც მსხვილმა კომპანიებმა, ასევე კონკრეტულმა სუბიექტებმა ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ. თუმცა გამზარდია მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამებსა თუ ბანერებს საზოგადოება ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს.11051483_349969301875926_1070583147_n
„არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის კომპანია მსგავსი ჩანაფიქრით განზრახ ცდილობს იმას, რომ საზოგადოება აახმაუროს, არც ის არის გამორიცხული, რომ კომპანიების მიზანს საერთოდ არ წარმოადგენდეს ვინმეს დისკრიმინაცია, უბრალოდ მეტი სიფაქიზის გამოჩენაა საჭირო, როცა საკითხი გენდერის თემატიკას ეხება. დღევანდელ ვითარებაში ყველა კომპანია, საზოგადოების ესა თუ ის წევრი განსაკუთრებულად ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ მეტი წინდახედულობის გამოჩენაა საჭირო, რათა ესა თუ ის აქტივობა დისკრიმინაციად არ ჩაითვალოს, ან ძალადობის წაქეზებას არ შეუწყოს ხელი. თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან მსგავსი ფაქტები ზედმეტად მტკივნეულადაა აღქმული, მაშინ, როცა ამა თუ იმ კომპანიის სლოგანი თუ სარეკლამო ბანერის ჩანაფიქრი უწყინარია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ,რომ მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო“, – განუცხადა “კვირას“ გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები