გიორგი ქადაგიძეს ყოფილი ხელისუფლების უკანონო ქონების გაყიდვას სთხოვენ

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელმა ნინო ბუჩუკურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაკანონიერი ქონების გაყიდვა მოსთხოვა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის უნიათო მმართველობამ ქვეყანა პრაქტიკულად ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა.
როგორც ბუჩუკური აცხადებს, მთავრობის ინიციატივით უნდა დაიწყოს სახელმწიფო ქონებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, საიდანაც შემოსული თანხა ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას მოხმარდება.
“საპრივატიზაციოდ გამოტანილია ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა და ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი შენობა, ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ასევე ლატარიის ლიცენზია.
„თავისუფალმა თაობამ“ დაიწყო ქონების გამოკვლევა-შესწავლა, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების საკუთრებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ქონებები არაკანონიერი გზითაა შეძენილი, რომელთა ღირებულებაც ხშირ შემთხვევაში მილიონებს აღწევს, მაგალითისთვის შეგვიძლია მოგიყვანოთ გიგი უგულავას უზარმაზარი მშენებარე სასახლე, ასევე ახალაიებისა და ვანო მერაბიშვილის ვილები.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პირებს ქონება გაფორმებული აქვთ არა საკუთარ სახელზე, არამედ სხვადასხვა პირებზე, ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე თუ სხვა ახლობლებზე. მაგალითად, ახალაიას სახლი გაფორმებულია იზო ბენიძეზე, რომელიც არის ახალაიას სიდედრი. 2008 წელს ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ქეთევან სვანიძეს, რომელმაც 2008 წლის 31 დეკემბერს ნასყიდობით გადასცა კახაბერ გურგუჩიანს, მან კი 2009 წლის 9თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ბენიძეს, ხოლო 2007 წლამდე ამ ტერიტორიაზე არანაირი მონაცემი არ ფიქსირდება საჯარო რეესტრში, რადგან ეს წარმოადგენადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სანატორიუმს, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გასხვისდა წინა ხელისფლების პირობებში. დიღომი 8, სიხარულის ქუჩა, პრაქტიკულად „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ქუჩას წარმოადგენს. ამავე მისამართზე მდებარეობს ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილის სახელზე არსებული უძრავი ქონება. ნიშანდობლივია ისიც, რომ მერაბიშვილის ბიძაშვილი მოსკოვში მოქმედი ბიზნესმენია, რაოდენ გასააკვირიც არ უნდა იყოს. ვანო მერაბიშვილი პირადად აკონტროლებდა მშენებლობას და საათობით ატარებდა დროს აღნიშნულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ- მინისტრს წესით სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე ბიძაშვილის სახლის მშენებლობის „პრარაბობა“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეზღაპრე სააკაშვილმა, რომელიც რადიკალური დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში, თავად ორმაგი დანაშაულები ჩაიდინა. მივმართავთ სახელმწიფოს, დაინტერესდეს მათი ქონების წარმომავლობით და ყურად იღოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები