“სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის შვიდასამდე ქონებაა, რომელთან დაკავშირებითაც უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ეჭვი არსებობს“

ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში საპრივატიზაციოდ არ გაგვიტანია ის ქონებები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, რომ კანონიერი მფლობელისთვის შესაძლოა, უკანონოდ ყოფილიყო ჩამორთმეული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა.
“პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. მოხდა ყველა შემთხვევის სისტემატიზაცია და დახარისხება. ჩვენს სამინისტროსთან ერთად შეფასდა ის წინასწარი სურათი, რაც ქონების წართმევის შემთხვევას უკავშირდება. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ, რომელთა მიმართებაშიც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანაშაულის ჩადენას ჰქონოდა კავშირი. შესაბამისად, თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ჩამორთმეული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არ ირიცხება, ვიცე-პრემიერის თქმით, ამ კუთხითაც მთავრობას კონკრეტული გეგმა გააჩნია.
“ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, სხვა ქონებით ჩანაცვლების მექანიზმი, ასევე ეს არის ობლიგაციების მექანიზმი”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის შვიდასამდე ქონებაა, რომელთან დაკავშირებითაც უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ეჭვი არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები