„ქვირიას თაღლითობა უგულავას სქემის გაგრძელება იყო“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ჯაბა სამუშია საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საბურთალოს რაიონში გამგეობის თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში საქმე არა კორუფციულ სქემასთან, არამედ ჩვეულებრივ თაღლითობასთან გვაქვს, რომელიც გიგი უგულავას შემუშავებული სქემის გაგრძელებაა.
„ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა. ამ ადამიანს არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გასხვისება მოეხდინა. ზუსტად მაგ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საუბარია, თბილისის მერიაში შესულია 4 სხვადასხვა წერილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა მომხდარიყო.
4 შემთხვევაში არის უარი გაცხადებული. ამ ადამიანს არანაირი ბერკეტი არ აქვს. ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა. ეს არის იმ სქემის ნაწილი, რომელსაც ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გიგი უგულავამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საზოგადოებას უთხრა, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს მიწის ნაკვეთს ვალის სანაცვლოდ გადასცემდა. 2000 ადამიანიდან არჩევნებამდე რაც მოესწრო, 300 ადამიას მისცეს ნაკვეთები, დანარჩენებს კი ამ მიწის ნაკვეთებზე არჩევნების შემდეგ განუცხადეს უარი. არჩევნების შემდეგ, 2012 წელს, წინა ხელისუფლებამ დაანაწევრა ეს მიწები და აუქციონის წესით მისი გაყიდვა დაიწყეს. ჩვენ შევაჩერეთ ამ ნაკვეთების გაყიდვა, რადგან ეს ნაკვეთები დაზარალებული კოოპერატივების წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ბოდოკიაც, სამწუხაროდ, ძველი სქემების მსხვერპლი აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ბოდოკიასა და მარგიშვილს ერთ კონტექსტში სპეციალურად იხსენიებენ. ამ სქემას, თითქოს მათ შორის რაიმე კავშირია, ოპოზიცია თითხნის. მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ არ შეიძლება ადამიანს ასე ხელაღებით ტალახი მოსცხო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არც იცნობდა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად, აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები