“საშუალო და ქვედა რგოლის მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ“

საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებმა, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაძლოა, პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ჩვენ ვმსჯელობთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, რომ საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე“,-განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება დეპარტამენტს, პრემიერის თქმით, დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი.
„ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ.
“მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დეპარტამენტს, მთლიანად პროკურატურას, მის ხელმძღვანელობას, თქვენ ძალიან ეფექტურ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გეკისრებათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მჯერა, რომ ჩვენ ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ, რომელშიც მოქალაქეებს ექნებათ განცდა და გარანტია იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო იცავს მათ უფლებებს, ღირსებას, საკუთრებას და უსაფრთხოებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები