„არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის“

ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დანაშაულს უნდა დაერქვას სახელი და დამნაშაავებს მოეკითხოთ პასუხი იმისთვის, რომ აშენდეს დემოკრატული სახელმწიფო.
„ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით. დღეს უკვე გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში და გვაქვს ახალი დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება. ორ წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება და იარა ვერ მოშუშდება, სანამ სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და სანამ პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს და ჩვენ ყველას ერთად. ეს არის ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ღირსების საკითხი. ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სამართლებრივ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშანა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა 300 ათასი ადამიანი გაასამართლა, რაც ოთხნახევარმილიონიან საქართველოში უზარმაზარი ციფრია.
„ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრ ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს. ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე. ოთხნახევარ მილიონიან საქართველოში ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, არაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობას აკისრია ვალდებულება, რომ უფლებაშელახული ადამიანის უფლებები აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები