ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქეების დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ უამრავი საქმეა კიდევ გამოსაძიებელი

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი დიდი ხანი ელოდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან საქართველოს პროკურატურის მიერ ბევრი საქმე იქნა გამოძიებული და ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი დიდი ხანი ელოდა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი საქმე იქნა გამოძიებული საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები. ეს არის ქონებრივი თუ სხვა სახის უფლებები, რომელიც დაირღვა წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს.
„ჩვენი მოქალაქეების დაღვეულ უფლებებთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უამრავი საქმეა კიდევ გამოსაძიებელი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, როცა მოვედით ხელისუფლებაში. 2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ დავიწყეთ საქმეების დახარისხება, კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა, მათი სისტემატიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო და ყველა ის უწყება მონაწილეობდა, რომელიც ამ საქმეების შესწავლასთან იყო დაკავშირებული.
სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა. პრეზენტაცია მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა და ახალი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო მოადგილედ – საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი კოკა კაციტაძე წარადგინა.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები