პროკურატურის ახალ დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დეპარტამენტის პრეზენტაციაზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა.
როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, ახალი დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით.
„დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება. გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები