ელისო ჩაფიძე: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე ფიქრობს, რომ „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება”.
აღნიშნული განცხადება ელისო ჩაფიძემ დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ელისო ჩაფიძე თვლის, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, ან საერთოდ გაუქმდეს.
„მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტი ან უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც უფრო მეტად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პრობლემების დაყენება მთავრობის წინაშე, არამედ გარკვეულწილად ამ პრობლემების მოგვარებაც. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ დასაქმებას, დახმარებას, სოციალური საკითხების გადაჭრას და ჩვენ არანაირი მექანიზმი მათთვის, გარდა ნუგეშისცემისა, არ გაგვაჩნია. ძალიან რთულია, მხოლოდ უსმენდე ამ ადამიანების პრობლემებს და არ გქონდეს ქმედითი მექანიზმი მათი პრობლემების გადასაჭრელად. ეს ინსტიტუტი ან უნდა იქცეს რეალურ ინსტიტუტად, მაგალითად, ქვედა პალატის – წარმომადგენლობითი პალატის დონეზე ორპალატიან საპარლამენტო სისტემაში, ან უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მოსაზრებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი.
„ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს, ვინაიდან მათ არაჩვეულებრივად ესმით, რომ პარლამენტში არ არის ისეთი პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა, რომ ჩვენ შევძლოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ჩვენ არ გვაქვს ¾, რომ ეს ცვლილებები გავატაროთ, ამიტომ ვფიქრობ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო კანონმდებლობით. თუ ვინმეს თავის გამოჩენა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება უნდა, ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა!”- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები