დიმიტრი ხუნდაძე: დემოგრაფიული ვითარება ისევ საგანგაშოა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება ისევ საგანგაშოა. დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე დიმიტრი ხუნდაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 2015 წელი ოჯახის წლად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი და განხორციელებულო ინიციატივები ხელს შეუწყობს იმ პრობლემების მოწესრიგებას, რაც ქვეყანაში არსებობდა.
„არაერთი წარმატებული პროექტის დასახელება შეიძლება, რომელიც ორიენტირებულია ოჯახზე და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახები 2015 წლიდან ოჯახის თითოეულ ბავშვზე დანამატის სახით 10 ლარს მიიღებენ; ასევე წარმატებული პროექტია მშობიარობის დაფინანსება და ორსულთა მხარდაჭერა; შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების ხანგრძლივობა 477 კალენდარული დღის ნაცვლად 730 დღით განისაზღვრა. მთლიანობაში, 2013-2014 წლებში დემოგრაფიული ინიციატივებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა სხვა წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრა, თუმცა, ის რეგიონებიც დაასახელა, სადაც დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ მძიმეა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამ მხრივ ურთულესი ვითარებაა:
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული ზონა და წინასწარი კვლევით, თუ ჩვენ ამ რეგიონებში დემოგრაფიული პოლიტიკა არ გადავზარდეთ აქტიურ ფაზაში, შესაძლებელია, რამდენიმე წელში რაჭა გაუკაცრიელდეს. ასეთივე რეგიონებია: სამეგრელო- ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი და მცხეთა- მთიანეთი. დემოგრაფიული მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგაშოა, ამიტომაც კომიტეტის სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებაა“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძემ დღესვე 2013-2014 წლების განმავლობაში დემოგრაფიულ ინიციატივებზე დახარჯული ბიუჯეტი წარმოადგინა, რომლის უფასო მშობიარობაზე – 34 მილიონ 314 104,99 ლარი დაიხარჯა, დეკრეტულ შვებულებაზე 10 მილიონ 919 576, 14 ლარი დაიხარჯა, 1 ივნისიდან ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე ფულად დახმარებებზე 852 300 ლარი გაიხარჯა. ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმის მჟავა, ხოლო რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულებს – რკინის შემცველი პრეპარატები (ფოლიმჟავაზე დაიხარჯა 8 336,64 ლარი, რკინის პრეპარატებზე – 19 659,68 ლარი). მონიტორინგი ჩაიტარა 72 628 ორსულმა, რაზეც 2 595 000 ლარი გაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები