დავით უსუფაშვილმა აშშ-ში ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული პირველი შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ბობ ზოელიკს და საერთაშორისო ორგანიზაციის – „ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტს, მარკ ლაგონს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტს, საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. “ორი წელია არ ვყოფილვარ აქ და ამიტომ ვალდებული ვიყავი ჩამოვსულიყავი. ჩვენი მეგობრებისთვის კიდევ ერთხელ ვაპირებ იმის ჩვენებას, თუ რა ხდება საქართველოში, რეგიონში. იქნება საუბრები შიდა პოლიტიკურ თემებზე, იქნება საუბარი რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. დღეს გვქონდა შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გახლდით და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ამ მძიმე ვითარებაში, უდანაკარგოდ უნდა მოვახერხოთ ფონს გასვლა და პირიქით, მეტი შევმატოთ ჩვენს ქვეყანას. აშშ-თან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება კი არის სრულიად აუცილებელი.
საკითხები ძალიან ბევრია. ეს იმიტომ, რომ აშშ-ი და საქართველო თანამშრომლობენ პრატიკულად ყველა საკითხში. ჩვენ ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე, ნატოს პოლიტიკაზე საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში და გვექნება იმის მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა აშშ-ში, რომ დაარწმუნონ ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში. გვექნება საუბრები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე. ძალიან საინტერესო პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით და ეს პერსპექტივები სჭირდება საქართველოს. გვექნება საუბრები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და აქაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ასე, რომ დღის წესრიგი არის ძალიან სავსე და ბევრი საკითხით დატვირთული. ამ დღეებში შევხვდებით კონგრესმენებს, სენატორებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები