„დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს“
„დავით საგანელიძე უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ასეთ მცდარ ინფორმაციას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კახიანის განმარტებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ვიღაც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს უმრავლესობაში დაქსაქსულობა და არეულობაა.
„ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გაჩნდა კითხვა, აპირებს თუ არა დავით საგანელიძე უმრავლესობიდან წასვლას. ამას, სავარაუდოდ, კონკრეტული მიზანი აქვს, გარკვეული ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს უმრავლესობის შიგნით დაქსაქსულობაა. მე მას პირადად ვესაუბრე და გაკვირვებული იყო, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. თურქეთიდან რომ ჩამოვა, გააკეთებს განმარტებებს. ის, რომ უმრავლესობაში გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ეს ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესია, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა უცებ ერთ აზრზე აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.