შს მინისტრმა გარდაცვლილი პოლიციელის დედას დედის დღე მიულოცა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცა. მინისტრი გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვია და დედის დღე პირადად მიულოცა. მინისტრმა ქალბატონ მარინეს ყვავილების თაიგული და ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ზურაბ ტატულაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანია. ის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა. აგვისტოს ომის დროს ზურაბი წინა ხაზზე ყუმბარმტყორცნით იბრძოდა. ის 8 აგვისტოს ცხინვალში, სკოლასთან, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. ზურაბს ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანის დროს სნაიპერმა ზურგიდან ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თანამებრძოლი კი გადაარჩინა. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების: ნადიმ ართმელაძის, ლაშა თევზაძის, ზვიად ჩიჩუას, დათუნა ავალიანის, გიორგი მარსაგიშვილის, ზურა ბიბილურის, ირაკლი აბრამიშვილის, გიორგი ძირტკბილაშვილის, ბესიკ კაპანაძის, გივი სახელაშვილის, იაგო მიქელაძის, მამუკა შუბითიძის, ზვიად ბარბაქაძის, თემურ ფიჩხაიას, გიორგი ღვინჯილიას და ზვიად დათუაშვილის დედებს დედის დღე მიულოცეს, ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს და გმირი შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები