“ქვეყანას უსწრაფესი ცვლილებები სჭირდება”
ნათელია, ქვეყანას უსწრაფესი ცვლილებები სჭირდება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პასუხისმგებლობის მქონე, ეფექტური, გამოცდილი და უნარიანი პოლიტიკური ძალა, აღნიშნულის შესახებ “გარეთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“იმის მაგივრად, რომ უმრავლესობას დაეკმაყოფილებინა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა და ჩაეტარებინა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, მოესმინა მათი მოსაზრებები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და დაეპირისპირებინა მყარი არგუმენტები, რითიც ხაზს გახაუსვამდა “ნაციონალური მოძრაობის” ისედაც ყველასათვის ნათელ პროვოკაციული და პოპულისტური გეგმის თუნდაც ერთ ნაწილს, მიიღო ტრადიციულად გაუთვლელი, დილეტანტური გადაწყვეტილება და სხდომა ჩაშალა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტს დღეს წარმოადგენს ორი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მავნებელი პოლიტიკური ძალა. ერთის მხრივ დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის მავნებლობისა და პროვოკაციების მიზანი ქვეყანაში უიმედობის დათესვა, დაძაბულობის გაღვივება და დესტაბილიზაციის მომზადებაა, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ “ქართული ოცნება”, რომელიც პოლიტიკური უუნარობის თვალსაჩინო მაგალითია, რის შედეგადაც სამწუხაროდ, ქვეყანა ყოველდღიურად დგება სერიოზული საფრთხის წინაშე. სრულიად ნათელია, რომ ქვეყანას უსწრაფესი ცვლილებები სჭირდება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პასუხისმგებლობის მქონე, ეფექტური, გამოცდილი და უნარიანი პოლიტიკური ძალა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.