“ნაციონალური მოძრაობა”: ნემცოვი პუტინის რეჟიმისგან განთავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიაში მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ბორის ნემცოვი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციისთვის იბრძოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავს ღრმა მწუხარებას ბორის ნემცოვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ მოღვაწეს კლავენ და ,როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამკვეთებსა და შემსრულებლებს დაადგენენ. ბორის ნემცოვი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციისთვის იბრძოდა – სურდა ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. ის იყო უკრაინის ერთიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერი. ვინც არ უნდა იყოს კონკრეტული მკვლელი – ცხადია – ბორის ნემცოვი რუსეთის თავისუფლებისთვის და პუტინის რეჟიმისგან განთავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თანამოაზრეებს და თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქეს რუსეთში“, – აცხადებენ პარტიაში.